ბაკურიანის შესახებ

ზამთარ-ზაფხულ ბავშვებისა და მოზრდილების საყვარელი დასასვენებელი ადგილი, ბორჯომის ხეობის მშვენება, კურორტი ბაკურიანი გაშენებულია თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე ბაკურიანისწყლის ნაპირას. იგი ზღვის დონიდან 1700 მეტრზე, ბორჯომიდან 30, ხოლო საქართველოს დედაქალაქ თბილისიდან – 180 კმ-ის დაშორებით მდებარეობს.
ბაკურიანისათვის დამახასიათებელია მზის ხანგრძლივი ნათება – 2052 სთ. წელიწადში და გრძელი, თოვლიანი ზამთარი – დეკემბრიდან მარტამდე. აქ ზამთარი – ცივი, ხოლო ზაფხული – ხანგრძლივი იცის, იანვრის საშუალო ტემპერატურაა -7 გრ. ცელსიუსით, აგვისტოსი +15 გრ. ცელსიუსით, თოვლის საფარი საშუალოდ 64 სმ. სისქისაა.
მაღალი მთების კრისტალივით სუფთა ჰაერი, უმეტესად წიწვიანი (ნაძვნარი) და წიფლნარი ტყის სურნელი, კოხტაგორას, კოხტაგორა II, საყველოს მთისა და ცხრაწყაროს მთების – ხედები წელიწადის ყოველ დროს იზიდავს დამსვენებელს.
არაა გასაკვირი, რომ ბაკურიანი საერთაშორისო მნიშვნელობის სათხილამურო ცენტრებს შორის საქართველოს ერთ-ერთი სახელგანთქმული სამთო კურორტია. მისი კლიმატი და რელიეფი იდეალურია სპორტის ზამთრის სახეობების განვითარებისათვის. აქ პირველი მოთხილამურეები 1932 წელს გამოჩნდნენ.
ზამთრის სეზონზე ბაკურიანში თანაბრად ერთობიან ბავშვიანი ოჯახებიც და სრიალის მოყვარული მოზრდილებიც: აქ კოხტაგორას მთაზე (1,3 კმ.), კოხტაგორა II-ზე, საყველოს მთაზე (3,8 კმ), 90 და 25–მეტრიანი ტრამპლინების ქვეშ, პარკსა და ზოგიერთი სასტუმროს ეზოში გაყვანილია საბაგირო გზები, 25–მეტრიანი ტრამპლინის ქვეშ და პარკში კი ბავშვებისათვის ციგებით სასრიალო ადგილებია. კოხტაგორაზე, სხვა ტრასების გვერდით, პროფესიონალი მოთხილამურეებისათვის ერთ-ერთი საუკეთესო რთული სათხილამურო ტრასაა.

ბაკურიანი სამთო-კლიმატური კურორტია, ძირითადი სამკურნალო ფაქტორებია: მთის ჰავა, მზის ხანგრძლივი ნათება და ულტრაიისფერი სხივების მაღალი აქტივობაა; აქ დასვენება კურნავს ადამიანებს ლიმფადენიტის, სასუნთქ ორგანოთა ქრონიკული არატუბერკულოზური დაავადებებისა და სისხლნაკლებობისაგან.
აქაა თბილისის ბოტანიკის ინსტიტუტის მაღალმთის ბოტანიკური ბაღი (დაარსდა 1910 წ.), სადაც არის ალპიური ფლორის ევროპაში საუკეთესო კოლექცია.

ბაკურიანში ფუნქციონირებს რამდენიმე სათხილამურო ტრასა:

კოხტა – გორა

მწვერვალის სიმაღლე–ზღვის დონიდან 2150 მ.
ტრასის სიგრძე – 1525 მ.
საბაგიროს სიგრძე – 1100 მ.
სასრიალო ტრასის სტარტისა და ფინიშის სიმაღლეთა სხვაობა – 400 მ.
საბაგირო გზა – ღია 2 ადგილიანი სავარძლები.
2 სათრეველა საბაგირო გზა 450 მ. სიგრძის


ტატრა – პომა (ჩეხური სახელია)

მწვერვალის სიმაღლე - ზ. დ. - 2250 მ.
ქვედა სადგური ზღვის დონიდან - 1800 მ.
სასრიალო ტრასისა და ფინიშის სიმაღლეთა სხვაობა - 450 მ.
სასრიალო ტრასის სიგრძე - 1822 მ.
ტატრა – პომა საქართველოში ერთადერთი სერტიფიცირებული ტრასაა საერთაშორისო სამთო–სათხილამურო ფედერაციის მიერ.
სათრეველა საბაგიროს სიგრძე - 2700 მ.
პატარა სათრეველა საბაგირო - 450 მ. სიგრძის, დამწყებ მოთხილამურეთათვის და ბავშვებისათვის.


დიდველი

ტურისტებს ემსახურება 8–ადგილიანი გონდოლა–საბაგირო. მოძრაობს 6 მ/წმ სიჩქარით, საბაგირო გზის სიგრძე - ზღვის დონიდან 1800 მ.
ტრასის სიგრძე – ზღვის დონიდან 1800 მ–მდე.
ქვედა სადგური – ზღვის დონიდან 1830 მ.
ზედა სადგური – ზღვის დონიდან 2130 მ.
სტარტისა და ფინიშის სიმაღლეთა სხვაობა – 300 მ.
დაგეგმილია: საბაგირო გზის გაგრძელება, ტრასის სიგრძის გაზრდა, სპორტკომპლექსის მშენებლობა, სასტუმროები...

ე.წ. "25" – იანები

4 სათრეველა საბაგირო, ყველაზე გრძელი 400 მ.
1 საბაგირო – ღია სავარძლით,
თხილამურების, თოვლის მოტოციკლების და ცხენების გაქირავების პუნქტი.
დამწყებ მოთხილამურეთათვის ყველაზე კარგი სასრიალო პროფილის მქონე - მცირე დაქანების გამო.
მათ, ვინც ოცნებობს, მალე დადგეს თხილამურებზე, გამოცდილი ინსტრუქტორები სრიალის ტექნიკას შეასწავლიან. ისინი ყველა სათხილამურო ტრასასთან მუშაობენ და მსურველებს ასაკის განურჩევლად მომსახურებას სთავაზობენ.
პატარებს სამთო თხილამურებზე სრიალს შეასწავლიან სპორტსკოლების მწრთვნელებიც.

პარაპლანით ფრენა თუ გსურთ, ბაკურიანში პარაპლანერისტთა კლუბის წევრები ოცნებას აგისრულებენ. თქვენ თანამედროვე პარამოტორებით იფრენთ ტყეებისა და ზეგნების თავზე.
ფრენა შესაძლებელია ინსტრუქტორთან ერთად – „ტანდემით“.
 
ბაკურიანში დამსვენებელთათვის გართობის ერთ-ერთი სახეა თოვლმავლებით სეირნობა და სასტურმროებისაკენ მგზავრობა. სახალისო და საინტერესოა თოვლის მოტოციკლით გასეირნება კოხტაგორას ფერდობზე (2155 მ.) ასევე შეგიძლიათ აირჩიოთ სხვა ალტერნატიული მარშრუტები – მაგ. ბაკურიანიდან ტაბაწყურის ტბამდე, ცხრაწყაროს გავლით (2454 მ. სიგრძის ტრასა.)
აქ ქირავდება ერთთხილამურიანი თოვლმავალი „ბურანი“ და ორთხილამურიანი თოვლმავალი – „რის“.
შესაძლებელია თოვლმავლების დაქირავება საათობრივად და წუთობრივად.

ფერად-ფერადი სამკაულებით მორთულ-მოკაზმულ ცხენებზე მიბმული მარხილები ბავშვების მხიარული ყიჟინით ჩაგიქროლებენ და თქვენც აუცილებლად ისეირნებთ მათზე ბაკურიანის გარშემო, სასტუმროს გზასა თუ წრიულზე.
მგზავრობის ფასი საშუალო მანძილზე დაახლოებით 5 ლარია.
მარხილების დაქირავება შესაძლებელია კურორტის ცენტრში და სხვა ხალხმრავალ ადგილებში.
 
ციგურებით სრიალის მოყვარულებისათვის ბაკურიანის პარკში მუშაობენ საციგურაო მოედნები, აქვე შეგიძლიათ იქირაოთ ციგურებიც.
ბაკურიანში დასასვენებლად მიდიხართ და ციგის წაღება გეზარებათ? – ნუ იდარდებთ, ციგას უპრობლემოდ იქირავებთ ბაკურიანის პარკში ან 25-მეტრიანი ტრამპლინის ქვეშ მდებარე ტრასასთან. ციგების არჩევანი.

სათხილამურო სპორტის ნამდვილი სამოთხე ბაკურიანი – საერთაშორისო მნიშვნელობის ზამთრის სპორტის ცენტრს წარმოადგენს. თხილამურები, სნოუბორდები, თოვლის მოტოციკლები,ცხენები, მარხილები, – შესანიშნავია სპორტსმენთა თუ აქტიური დასვენების მოყვარულთათვის.



დაჯავშნა



დაგვიკავშირდით

სათავო ოფისი – საქართველო, თბილისი, დოდო აბაშიძის N9

სასტუმრო – დაბა ბაკურიანი, კობა წაქაძის N26

ტელეფონი: +995 32 2 963 222

Mobil: +995 591 196 500

მეილი:

info@bakurianiresorts.ge

IM (skype): bakurianiresorts

Web: www.bakurianiresorts.ge


კონტაქტის ფორმა